"ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა"- ავერსის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ხარებაზე

"ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა"- ავერსის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ხარებაზე

შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებზე დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ავერსის კლინიკაში იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკაში დაუდასტურეს.

კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ირაკლი გახოკიძე გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ ხარაზიშვილმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.

კლინიკის ინფორმაციით, ის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევის ჩასატარებლად დღეს მივიდა.

"აღნიშნავდა ტკივილს მხრის სახსრის არეში. ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, შედეგები დამუშავების პროცესშია. პაციენტმა კვლევის დასრულებისთანავე დატოვა კლინიკა", - ამბობს რადიოლოგი რადიო თავისუფლებასთან და აღნიშნავს, რომ ზვიად ხარაზიშვილს დაზიანებები ვიზუალურად არ ეტყობოდა.

ფორმულამ დეტალების გადამოწმება კლინიკაში სცადა, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტის პირად მონაცემებს ვერ გასცემენ. თავდაპირველად ხარებას კლინიკაში ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხარაზიშვილს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.