უცხოური მედია თბილისში გამართულ მარშს, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" გამოეხმაურა

უცხოური მედია თბილისში გამართულ მარშს, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" გამოეხმაურა

გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ პროევროპულ მარშს - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - უცხოური მედია გამოეხმაურა. France 24 წერს, რომ ათიათასობით ქართველმა საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც ევროპაში ქვეყნის მომავალ გზას განსაზღვრავს, პროევროპული მარში გამართა.

"აქციის მონაწილეები აფრიალებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები წარწერებით: "საქართველო ირჩევს ევროკავშირს". გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, საკმარის ხმებს დააგროვებენ, რათა კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და მმართველი პარტია, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ჩაანაცვლონ", - ვკითხულობთ France 24-ის სტატიაში.

ამასთან, სააგენტო Reuters-მა სტატია გამოქვეყნა, სათაურით - "საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის აქციაზე, არჩევნების მოახლოების ფონზე, ევროკავშირის მხარდაჭერი გზავნილები გაავრცელა".

"26 ოქტომბრის არჩევნები ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, დაბრუნდება საქართველო რუსეთის ორბიტაზე თუ პროდასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს. ევროკავშირმა გასულ წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც საბოლოო წევრობისკენ პირველი ნაბიჯია. მაგრამ ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მაისში მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც კრიტიკოსების თქმით, იმის მტკიცებულებაა, რომ გეზი რუსეთისკენ არის აღებული", - წერს Reuters.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საუბრისას, უცნობმა პირებმა, ახლომდებარე შენობის სახურავიდან სახეზე ლაზერები მიანათეს, რითაც მისთვის ხელის შეშლასა და ყურადღების გაფანტვას ცდილობდნენ.

***

გუშინ, პროევროპული მარშის, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.

თავისუფლების მოედანზე, გამომსვლელების მიმართვების პარალელურად, აქცია-კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა არაერთმა ქართველმა მუსიკოსმა მიიღო.

სახალხო მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიძრა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.

მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ფედერალისტების წევრები.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა, პროევროპულ მარშს შეუერთდა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.