შაბათის ფორმულამ ველისციხეში 26 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობის საქმის დეტალები გაარკვია. 26 წლის კაცი 4 თვის წინ გაუჩინარდა, რის შემდეგაც მისი დასახიჩრებული ცხედარი ჭაში ჩაბეტონებული იპოვეს.
გიორგი მირზაშვილის მეგობარი შაბათის ფორმულას მკვლელობის დეტალებს უყვება. მოკლულის მეგობარი ვარაუდობს, რომ მას მძინარეს ჩაარტყეს ურო, მიყენებული დაზიანებებით ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე დააკავეს 2 ადამიანი, ერთ-ერთი კი გარდაცვლილის ნათესავია.
"ვფიქრობ მძინარეს [ჩაარტყეს], რადგან საცვლების ამარა იყო, როცა ამოიყვანეს [ჭიდან]", - ამბობს მეგობარი.
მკვლელობა ველისციხეში 18 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულებმა გიორგი სულხანიშვილმა და უშანგი ბერძენიშვილმა მსხვერპლი მოტყუებით, გვიან ღამით რუსთავიდან სოფელ ველისციხეში, სულხანიშვილის სახლში წაიყვანეს. სულხანიშვილი და მირზაშვილი ნათესავები იყვნენ და სოფელს ხშირად სტუმრობდნენ. მოკლულის მეგობარი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო.
ასევე გამოძიების ვერსიით, მგზავრობისას ახალგაზრდა კაცებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, თუმცა, მალევე შერიგდნენ. კონფლიქტი ველისციხეშიც გაგრძელდა თუ არა, უცნობია.
გარდაცვლილის მეგობრები მეორე ვერსიაზეც საუბრობენ - მანქანაში დაწყებული კამათი ველისციხეში სულხანიშვილის სახლშიც გაგრძელდა: შინ შესვლისთანავე მოულოდნელად მირზაშვილს ზურგიდან თავში ურო ჩაარტყეს, შემდეგ თოკით გაგუდეს, ცხედარი კი სოფლის ბოლოს არსებულ ჭაში ჩამარხეს.
როგორც შაბათის ფორმულასთვის გახდა ცნობილი, გიორგი მირზაშვილი ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. პატიმრობაში ყოფნისას გაიცნო უშანგი ბერძენიშვილი, რომელიც ასევე სასჯელს იხდიდა. გათავისუფლების შემდეგ მათ ურთიერთობა გააგრძელეს.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ზუსტი მოტივი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულს სულხანიშვილის ვალი ჰქონდა - 1 700 ლარი; თუმცა, ამ მოტივით მკვლელობას შაბათის ფორმულასთან საუბარში მირზაშვილის დედა გამორიცხავს, რადგან ვალის დაბრუნებაზე პირადად სულხანიშვილს ელაპარაკა და კონკრეტული ვადაც დათქვეს როდის დააბრუნებდა. ეს ვადა მაისის ბოლო იყო.
გარდა ამისა, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბრალდებულები მოკლულის ემიგრანტ დედას, 4 თვე გიორგი მირზაშვილის ტელეფონით, შვილის სახელით წერდნენ და ეუბნებოდნენ რომ ის მონასტერშია და რამდენიმე თვე არ დაბრუნდება.
"ვალი რაც ჰქონდა ამაზე ნალაპარაკევი მქონდა გიორგისთან. კონკრეტული ვადაც დავთქვი, როცა დავუბრუნებდი. ის ვადა ჯერ არც გასულა. ამიტომ გამოვრიცხავ. პირადი შურისძიებაა. ხომ არის როცა არ მოგწონს ვიღაც და მორჩა...
მწერდნენ როგორც გიორგი - რომ მივდივარ მონასტერში და მართლა აპირებდა წასვლას, ამიტომ არ შემპარვია ეჭვია. ასევე მწერდნენ, რომ ნაბოზარი გიორგი სულხანიშვილი აპირებს ჩივილს და დაუბრუნე ფული. არ დამიბრუნებია რა თქმა უნდა რადგან ვალის ამბავი გარკვეული მქონდა. ამ დროს ჩემი შვილი ცოცხალი არ იყო", - ამბობს მოკლულის დედა.
დედამ შვილის ძებნა მომხდარიდან 2 თვის შემდეგ დაიწყო, რადგან იქამდე ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ნამდვილად შვილი სწერდა. გამოძიება დაიწყო, თუმცა, კვალზე ვერ გავიდნენ. პარალელურად, ბრალდებულები ოჯახს მცდარ ინფორმაციას აწვდიდნენ, თითქოს გიორგის რუსთავში სხვადასხვა ადგილებში ხედავდნენ.
სულხანიშვილი და ბერძენიშვილი გასულ კვირას დააკავეს. შაბათის ფორმულასთვის ცნობილი გახდა რომ ბრალდებულებმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცეს, რის შემდეგად აჩვენეს სად იყო ცხედარი ჩაბეტონებული, თუმცა სასამართლო პროცესზე პოზიცია შეცვალეს და დუმილის უფლება გამოიყენეს. კომენტარს არც მათი ადვოკატები აკეთებენ.
შაბათის ფორმულასთან საუბარში ბრალდებულის და იხსენებს, რომ ძმის ქცევა ბოლო თვეებში მკვეთრად შეიცვალა, სვამდა, ნერვიული გახდა. ჯერჯერობით უცნობია წაუყენებენ თუ არა ბრალს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უშანგი ბერძენიშვილის დას, ხატია ბერძენიშვილს. მოკლულის ოჯახი ირწმუნება, რომ ბერძენიშვილის დამ, რომელიც ბრალდებულ სულხანიშვილთან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა.
მოითხოვენ თუ არა ბრალდებულები, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, ეს 2 თვეში, წინასასამართლო სხდომაზე გაირკვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.