უფლებები საქართველო დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, გვამის გადამალვა სცადეს. ორგანიზაცია მშობლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არსებობს არაერთი გარემოება, რომლის თანახმადაც, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა.
"მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ საგამოძიებო უწყების მიერ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა დღემდე არ მომხდარა. მათივე თქმით, დიდ დიღომში გოგოს გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ.
"დღეს, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და უფლებები საქართველოს ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია", - ამბობენ ორგანიზაციაში.
მათი განცხადებით, 5 აპრილს უფლებები საქართველოს იურისტებმა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით პროკურატურას მიმართეს. ორგანიზაციის თქმითვე, დღეს დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს ისეთი ქმედებები, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
16 მარტს გვიან ღამით, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე, საღამოს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა. პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.