უფლებები საქართველო, რომელიც 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის უფლებებს იცავს, საზოგადოებას მოუწოდებს, პასუხისმგებლობით მოეკოდოს ფოტორობოტის საფუძველზე ადამიანის დადანაშაულებას.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შსს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 სექტემბერს სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი შეიქმნა. მიუთითებენ, რომ ფოტორობოტი დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის სახის რეკონსტრუქციაა და ბუნებრივია, ის ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი. ამასთან, ხაზს უსვამენ გარემოებას, რომ მხოლოდ ფოტორობოტის საფუძველზე პირის ბრალეულობის დადგენა ვერ მოხდება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც სავარაუდო დამნაშავის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი გახდება.
"გარდა ზემოაღნიშნულისა, გვსურს საზოგადოებისთვის განვმარტოთ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისა და გამოძიებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ღირებული ინფორმაცია, უფლებები საქართველო სთხოვს საზოგადოების ყველა წევრს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნული ფოტორობოტის საფუძველზე კონკრეტული ადამიანების სავარაუდო დამნაშავედ გამოცხადებას და თავი შეიკავოს საკუთარი ვერსიების საჯაროდ გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
უფლებები საქართველოს მიუთითებს, რომ 12 წლის გოგოს გარდაცვალებიდან 9 თვეზე მეტი გავიდა და ამ დრომდე სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის. გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ მდგომარეობას საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანება ამძიმებს.
"მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, გააძლიერონ ძალისხმევა და ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს დამნაშავის იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა. უფლებები საქართველო 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს", - წერს ორგანიზაცია.
სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი გარდაცვლილი გოგოს დედამ, ნატო ხუტაშვილმა გუშინ, 26 დეკემბერს გაასაჯაროვა.
17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.
5 ივლისს ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.
10 აგვისტოს მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე მოზარდის დედა დაზარალებულად ცნეს.