პროკურატურამ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო. ინფორმაციას ორგანიზაცია უფლებები საქართველო ავრცელებს.
უფლებები საქართველომ ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია.
ორგანიზაციის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, დღეს პროკურატურა დაზარალებულს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს გადასცემს.
"ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
უფლებები საქართველო 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს"- ნათქვამია განცხადებაში.
17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.
გოგოს ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია უფლებები საქართველო იცავს.