გაზაფხულზე უნგრეთმა სამი ჩინური ბანკიდან 1 მილიარდი ევრო ისესხა. როგორც POLITICO წერს, ეს ყველაზე დიდი სესხია, რომელიც უნგრეთს ოდესმე აუღია.
უნგრეთს სესხი მისცეს ჩინეთის განვითარების ბანკმა, ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა და ჩინეთის ბანკის უნგრულმა ფილიალმა. სესხი სრულად 19 აპრილს იქნა აღებული და სამი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს.
შეთანხმების შესახებ ბუდაპეშტს თვითონ არ განუცხადებია. პირველად ამის შესახებ უნგრულმა ბიზნეს გამოცემამ Portfolio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რის შემდეგაც სამთავრობო სააგენტომ დაადასტურა.
POLITICO აღნიშნავს, რომ სესხის აღება იმ ფონზე ხდება, როდესაც ბუდაპეშტი პეკინთან ურთიერთობებს აღრმავებს. საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს თქმით, ისეთმა ჩინურმა კომპანიებმა, როგორებიც არიან ელექტრომანქანების მწარმოებელი BYD ან ტექნოგიგანტი Huawei, ქვეყანაში 16 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელეს.
"საკრედიტო ხელშეკრულება ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების დაფინანსების საშუალებას იძლევა. ტრანზაქცია ინარჩუნებს მშპ-სთან სახელმწიფო ვალის თანაფარდობის ჭერს 28.9 პროცენტის ფარგლებში", - წერდა Portfolio.
მაისში სიიარტომ განაცხადა, რომ ჩინეთთან ერთად რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებდნენ, მათ შორის ბუდაპეშტის აეროპორტისკენ ჩქაროსნულ რკინიგზას, სატვირთო სარკინიგზო ხაზს უნგრეთის დედაქალაქის გარშემო, ნავთობსადენებს უნგრეთსა და სერბეთს შორის და თანამშრომლობას ბირთვულ სფეროში.
"პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალი ხარისხი ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ისტორიაში საუკეთესო ეტაპზეა და ოქროს მოგზაურობაში შევიდა", - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მაისში ბუდაპეშტში ვიზიტამდე.
ივლისში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ჩაბარების შემდეგ, პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინს ეწვია.
უნგრეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულად მაღალია და 140 მილიარდ ევროს მიაღწია, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 6.7 პროცენტია.
ახალი ჩინური კრედიტი სახელმწიფო ვალის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს, მეორე სიდიდით ასევე ჩინეთის ექსიმბანკის კრედიტია, რომელიც ბუდაპეშტი-ბელგრადის რკინიგზის 917-მილიონიან პროექტს უნდა მოხმარდეს.
მიუხედავად იმისა, რომ Portfolio აღნიშნავდა, რომ საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია, მთავრობას არ გაუმჟღავნებია მეტი დეტალი საპროცენტო განაკვეთის სიდიდის, დაფარვის გრაფიკისა თუ სხვა დეტალების შესახებ.