უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცესს იწყებს

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცესს იწყებს

უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის ერთწლიან პროცედურას დაიწყებს. ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ წარადგინა, რომელიც სასამართლოს „პოლიტიკურ ინსტრუმენტად“ მოიხსენიებს.

გადაწყვეტილება მალევე მოჰყვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბუდაპეშტში ვიზიტს — რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის ფონზე იშვიათ პრეცედენტს წარმოადგენდა. უნგრეთმა სასამართლოს მიერ ნეთანიაჰუსთვის გაცემული ორდერი „თავხედობად“ შეაფასა და მისი დაპატიმრება გამორიცხა.

კანონპროექტი 134 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო პარლამენტმა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნგრეთი „კატეგორიულად უარყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების — განსაკუთრებით კი სისხლის სამართლის სასამართლოების — გამოყენებას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტებად“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდიუმმა შეშფოთება გამოთქვა უნგრეთის ამ ნაბიჯის გამო. სასამართლო 20 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისა და გენოციდის საქმეების გამოსაძიებლად.

უნგრეთი სასამართლოს დამფუძნებელ წევრებს შორისაა, თუმცა ორბანი აცხადებს, რომ ის „აღარ არის მიუკერძოებელი სამართლებრივი ინსტიტუტი, არამედ პოლიტიზებული ორგანოა“. ქვეყნის გასვლა სასამართლოდან საბოლოოდ ძალაში შევა ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც შესაბამის წერილობით შეტყობინებას გაეროს გენერალური მდივანი მიიღებს.