
დღეს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა.
უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, მათ რუსებს შესთავაზეს, ზაფხულის ბოლომდე, გაიმართოს შეხვედრა ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომელსაც, ამასთანავე, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპიც დაესწრებიან.
ამ წინადადებაზე საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ დასძინა, რომ ეს შეთავაზება მუდმივია და მისი განხორციელება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
"რატომ ვითხოვთ შეხვედრას? რუსეთში გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, მაგალითად, ცეცხლის შეჩერება, ეს ადამიანი შეხვედრაზე აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს", - განაცხადა ტიხიმ.
გარდა ამისა, მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კერძოდ, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა კრიტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეჩერებაზე.
ამასთანავე, მხარეებმა სამხედრო ტყვეების გაცვლის შემდგომი ეტაპები განიხილეს. უკრაინული მედიების ცნობით, რუსეთი თანახმაა დააბრუნოს ის ადამიანები, რომლებიც თითქმის ომის დაწყების დღიდან იყვნენ დატყვევებულები, განსაკუთრებით, საუბარია მძიმედ დაჭრილ, მძიმედ დაავადებულ და ახალგაზრდა უკრაინელებზე.