ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, ოდესაში ნანგრევების ქვეშ 2 გარდაცვლილი იპოვეს.
"რუსული რაკეტა საწყობს მოხვდა, სადაც მარცვლეული ინახებოდა. 12:15 საათზე ნანგრევების ქვეშ ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს, 13:06 საათზე კი მეორე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - თქვა კიპერმა.
გასულ ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს - შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა საზღვაო ტერმინალის შენობა, სასტუმრო და საწყობები.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოკუპანტების თავდასხმის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. მისი თქმით, ოდესაში მაღალსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა, დაზიანდა კერძო სახლები და საწყობიც.