უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ მოკავშირეებისგან მიღებული F-16-ის ერთ-ერთი გამანადგურებელი 26 აგვისტოს ჩამოვარდა.
"რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების დანაყოფებთან ერთად გამოყენებულ იქნა F-16-ის გამანადგურებლები. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ის თვითმფრინავებმა თავისი მაღალი ეფექტურობა აჩვენეს, ჩამოგდებულ იქნა მტრის ოთხი მფრინავი რაკეტა. შემდეგ სამიზნესთან მიახლოებისას ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი გაწყდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავი კატასტროფაში მოყვა, მფრინავი დაიღუპა", - აღნიშნულია განცხადებაში.
აქამდე უკრაინული მხარე F-16-ის დაკარგვის ინფორმაციას არ ადასტურებდა.
გამნადგურებლის ჩამოვარდნის შესახებ Wall Street Journal წერდა. გამოცემა ანონიმურ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ახლახან დასავლელი პარტნიორებისგან მიღებული ექვსი გამნადგურებლიდან, ერთმა კატასტროფა განიცადა. წყარო ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი არ ჩამოგდებულა, არამედ ჩამოვარდა, დიდი ალბათობით, მფრინავის შეცდომის გამო, მაგრამ ეს უკრაინის ქალაქებზე მასირებული საჰაერო შეტევის დროს მოხდა.