
როცა პოლიტიკას აზრი ეცლება, ჟესტი იწყებს მეტყველებას. უფრო ზუსტად, დანაწევრებულად მეტყველების უნარშეზღუდულები ჟესტებით იწყებენ მეტყველებას.
როგორია თითქმის ყოველდღიური სცენა, ან გამოხატვა, როცა ოცნება რამის თქმას ან მინიშნებას აპირებს: მშვიდობიან აქციაზე დგანან ადამიანები — მოქალაქეები, ჟურნალისტები, სტუდენტები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, რაღაცას ამბობენ, სკანდირებენ, ან მღერიან და მათ თავს ესხმიან „ზონდერის“ ტიპის რაზმები: სპორტდარბაზში ოფლნაღვარი და უბნის ბირჟებზე აზროვნების სისხარტეში „ნავარჯიშები“ მამაკაცები ხელკეტებით, კასტეტებით და ახლა უკვე გაყინული წყლის ბოთლებით.
პოლიცია ან ბრმაა, ან იმ წუთებშია „სისტემური გადატვირთვის რეჟიმში“. მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როცა თავდასხმას პასუხი მოყვება და მსხვერპლი „დასასჯელია“.
რა თქმა უნდა, ეს სპონტანური ქუჩის ხულიგნობა არ არის, ეს ტექნოლოგიაა — შიშისა და დამცირების ტექნოლოგია, რომელიც ძალადობას შესაფერისი ჟესტური „მესიჯით“ აწვდის საზოგადოებას: თქვენი ხმა, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით — არაფერია, ჩვენი ველური ინსტიქტი — ყველაფერი.
სწორედ აქ იშლება „ფალოსოცენტრული ლოგიკა“: როდესაც გონების არგუმენტი ქრება, „ფალოსი“ ხდება არგუმენტი — ძალაუფლების ილუზიური ცენტრი, რომელიც თავს იჩენს შეურაცხმყოფელი მინიშნებებითა და ჟესტიკულაციით.
2012 წლიდან, კიდევ უფრო მეტად კი კორცხელის დარბევიდან მოყოლებული, ოცნების „პოლიტიკა“ ერთი უწყვეტი, დინამიურად დეგრადირებადი მცდელობაა, პოლიტიკური დებატი ჩაანაცვლოს ზიზღისა და სიძულვილის შეჯიბრით, კულტურული სივრცე გადააქციოს დაბინძურებულ გასახდელად, სახელმწიფო — კლანის სპორტდარბაზად.
რაზე მიანიშნებს ეს?
პირველ რიგში, ძალაუფლების უკიდურეს უსუსურობაზე. ვინც მართლა დარწმუნებულია საკუთარ ლეგიტიმურობაში, სიტყვის დემონსტრირებას არჩევს და არა გენიტალიის. სამართლებრივ სახელმწიფოში არგუმენტის ძალა ენაშია და კანონთან თანასწორობაში — აქ კი „იდეოლოგიის“ ხერხემლად ხელკეტი და უხამსი ჟესტი.
ეს არ არის ჰორმონების სიჭარბე, ეს არის ერთდროულად ღირსებისა და სახელმწიფოებრიობის უკიდურესი დეფიციტი.
მეორე — ინსტიტუციონალური დეგრადირების მყვირალა გამოხატულებაა „სისტემური ცინიზმი“. როცა პოლიცია ბრმავდება, ან უბრალოდ ქრება თავდასხმის მომენტებში და „ცოცხლდება“ მხოლოდ „თავდაცვის“ მომენტში, სახელმწიფო მოქალაქის უფლებათა დამცველად კი არა, რეპრესიულ ინსტრუმენტთა ნაკრებად იქცევა.
კალაძის და ოცნების „პერფორმანსს“ ერთადერთი მიზანი აქვს: შევაშინოთ, ვუჩვენოთ „ვინ ვართ“, მივახვედროთ, რომ კანონი ჩვენზეა მორგებული. სინამდვილეში კი კანონისგან დაშორებაა, რაც ნებისმიერ რეჟიმს წირავს თვითდესტრუქციისთვის (კატმანდუსკენ სანამ გავიხედავთ, ჩვენივე უახლესი ისტორიისკენ მოვიხედოთ).
მესამე — კულტურული კატასტროფისკენ მივექანებით. საზოგადოებას უყენებენ არჩევანს: ან დაუთმოს საჯარო სივრცე ძალადობრივი „ქართველურობის“ კარიკატურას, ან დაიცვას ის სამართლის, ღირსების, სოლიდარობისა და თავისუფლების სახელით.
ფალოსში „ცენტრის“ ძებნა არის იმპოტენტური პოლიტიკის ნიშანი — ხელისუფლება, რომელსაც აზრი აღარ აქვს, ენა აღარ აქვს, მხოლოდ სხეულის უხეში ნიშნებიღა დარჩა.
ვიღებთ სურათს, სადაც სხვადასხვა თაობის და პროფესიის პატრიოტი მოქალაქე დაუღალავად დგანან, კამერა მუშაობს და სამოქალაქო სოლიდარობა ჩნდება, ძალადობრივი თეატრი ტრაგიკომედიად გვევლინება. ძალის გენიტალიებით იმიტატორები კი მხოლოდ სასაცილო და შესაცოდ პერსონაჟებად იქცევიან, რადგან ფალოსი ვერასდროს იქნება სახელმწიფოს ხერხემალი.
ცენტრი არის კონსტიტუციაში, ადამიანურ ღირსებაში და საზოგადოებრივ კონტრაქტში!
როცა არგუმენტად ჟესტი — თან ასეთი — გრჩება, სწორედ მაშინ ასრულებ პოლიტიკას და საზოგადოება, რომელიც გათავისუფლებულია შიშისგან, იწყებს ისტორიის ახალი აბზაცის წერას და ძალაუფლების ცენტრში აყენებს კანონს!
ფალოსს და ფალოსოცენტრისტებს კი მიაბრძანებს იქ, სადაც მათი ისტორიული, ბიოლოგიური ადგილი და დანიშნულებაა.