უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, ზამთარში რუსები დრონების რეკორდულ რაოდენობას გამოიყენებენ.
"შემოდგომაზე და ზამთარში მტერი უკრაინის მასშტაბით Shahed-ების რეკორდულ რაოდენობას გაუშვებს. მხოლოდ სექტემბერში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 500-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა", - ამბობს იგნატი.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული სექტორის საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტები იქნება.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთარში რუსები კვლავ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებას შეეცდებიან.
უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით, რუსული ძალები მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს აგროვებენ, რათა ზამთარში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განახორციელონ.