უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა მტრის 7 ფრთოსანი და 1 მართვადი რაკეტა გაანადგურეს.
"მტრის 7 ფრთოსანი და 1 მართვადი რაკეტა გავანადგურეთ. კიდევ 20-მა რაკეტამ და დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 40 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე იყო გამოცხადებული. თავშესაფრებში ჩასვლა მოუწიათ კიევის მცხოვრებლებსაც.
მორიგი მასიური სარაკეტო შეტევის დროს აფეთქება მოხდა დნიპროში, ასევე ჩერნიჰივის ოლქში. მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. გავრცელებული ცნობით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულები არ არიან.
გამოცემა Reuters-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტი თანამედროვე თვითმფრინავი სჭირდებათ.
"აქტიური დებატები მიმდინარეობს იმაზე, თუ რა ტიპის თვითმფრინავი გვჭირდება. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაზე თანამედროვე იარაღის გადატანა და გამოყენება. უპირველესად, შორ მანძილზე მოქმედი მართვადი რაკეტები. მეორე, ჩემთვის, როგორც სახმელეთო ჯარების მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ავიაცია, რომელიც მხარს დაუჭერს სახმელეთო ჯარებს", - აღნიშნა მან.