უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 20 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.
"19 ნოემბრის ღამეს მტერმა კვლავ შეუტია ჩვენს ქვეყანას Shahed 136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. მტრის 20 დრონიდან 15 განადგურებულია. ოკუპანტების მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა შუაღამისას მოხდა", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
მანამდე, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 38 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, აქედან უკრაინელებმა 29 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.