
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ რუსეთი "იარაღად იყენებს" უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას.
შსს ამბობს, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალზე" მყოფი მოქალაქეების დასაბრუნებლად საქართველომ უკრაინას რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა - კერძოდ, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით დაბრუნების ვერსიები.
შსს-ს განცხადება:
"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ "დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირების შესახებ, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები.
აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით. ამასთან, ისინი თავადვე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
თუმცა, ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, ამ პირთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმზე შეჯერებასთან, მათ შორის მათი საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, კერძოდ სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. ამჟამად 80-მდე ასეთი პირი იმყოფება საქართველოს საზღვარზე, რომელთა დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, დაიცვას უსაფრთხოება და მართლწესრიგი, არ დაუშვას ქვეყანაში ისეთი პირები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.
ყველა სახელმწიფო უწყება, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა დროულად მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და დაცული იქნეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
***
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი საბიგა წერს, რომ რუსეთი "იარაღად იყენებს" უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას და რუსეთს სთავაზობს, ეს ადამიანები პირდაპირ უკრაინის საზღვართან მიიყვანოს.
ის წერს, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვარზე დეპარტირებული უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა, ძირითადად, ყოფილი მსჯავრდებულების ივნისიდან მოყოლებული გაზარდა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინის საკონსულოები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტების მიწოდებასა და მოლდოვას გავლით უკრაინაში ტრანსპორტირებაზე.
ამ ინფორმაციის შესახებ X-ზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მინისტრმა უკვე აცნობა.