უკრაინის მთავრობამ აშშ-სთან 17 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ტექსტი გაავრცელა

უკრაინის მთავრობამ აშშ-სთან 17 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ტექსტი გაავრცელა

უკრაინის მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებთაბ გაფორმებული მემორანდუმის დეტალები გამოაქვეყნა, სადაც აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი მინერალების შესახებ და სამომავლო ეკონომიკურ პარტნიორობაზეა საუბარი.

მემორანდუმში ნათქვამია, რომ მომავალი გარიგება საფუძველს უქმნის ერთობლივი რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას, როგორც ორ მთავრობას შორის ეკონომიკური პარტნიორობის ნაწილი.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიჰალი 21 აპრილს გაემგზავრება ვაშინგტონში, რათა შეხვდეს აშშ-ს ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტსა და ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების საბოლოო ფაზას შეთანხმების პირობებზე, რომელიც დაფუძნებულია რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შესახებ.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ტექნიკური განხილვები 26 აპრილამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.

ტექსტი ხაზს უსვამს, შეერთებული შტატების პატივისცემას უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წინაშე ვალდებულებების მიმართ და აღნიშნავს, რომ წიაღისეულის გარიგება არ ეწინააღმდეგება კიევის ევროპულ გზას.

ასევე, მემორანდუმი აღიარებს უკრაინის წარსულ წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალის ნებაყოფლობით დათმობით. დოკუმენტში არ იყო ნახსენები აშშ-ის პოტენციური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინამ მემკვიდრეობით მიიღო მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი. კიევმა ნებაყოფლობით დათმო ეს იარაღი 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

უკრაინის ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ 17 აპრილს დაადასტურა, რომ მემორანდუმი წარმოადგენს "ნაბიჯს ერთობლივი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ".

მანამდე, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს ცნობით, აშშ-მა და უკრაინამ სამომავლოდ ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

"მოხარულები ვართ შეგატყობინოთ, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც მხარეების განზრახვას ადასტურებს და გზას უხსნის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებასა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნას", - დაწერა სვირიდენკომ X-ზე.