უილსონი რეპრესიულ კანონებზე: ჯერ პუტინმა მიიღო, შემდეგ მადუროს დიქტატურამ, ბოლოს ოცნებამ

უილსონი რეპრესიულ კანონებზე: ჯერ პუტინმა მიიღო, შემდეგ მადუროს დიქტატურამ, ბოლოს ოცნებამ

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ქართული ოცნების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს ეხმაურება და ამბობს, რომ აშკარაა, ეს ე.წ კანონები ჯერ პუტინის დუმამ მიიღო, შემდეგ მადუროს დიქტატურამ, ბოლოს კი - ქართულმა ოცნებამ. ამაზე უილსონმა ფორმულას გადაცემა გეოპოლიტიკაში ისაუბრა.

"აშკარაა, რომ ეს ე.წ. კანონები ჯერ ომის დამნაშავე პუტინის დუმამ მიიღო, რომელიც თავად პუტინის მორჩილი ინსტიტუტია, შემდეგ იმავე შინაარსის კანონი ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დიქტატურამ დაამტკიცა და ბოლოს, ზუსტად იგივე კანონი მიიღო ქართული ოცნების პარტიამ. ეს თანხვედრაც საკმარისია, იმისთვის რომ გავიგოთ რომ დიქტატორები თანამშრომლობენ. კარგი ამბავი ის არის, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებსაც აქვთ ერთიანობა, ამიტომ დემოკრატია გაიმარჯვებს. ვნახეთ ეს პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლაში ქნესეთში ორშაბათს. დიახ, დასავლური ცივილიზაციის დემოკრატიული ქვეყნები, სადაც სამართლის უზენაესობაა, გაიმარჯვებენ იარაღზე დაფუძნებული დიქტატურის წინააღმდეგ. ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცის. ომის დამნაშავე პუტინმაც იცის, რომ მისი რეჟიმის დღეები დათვლილია"- თქვა უილსონმა.

16 ოქტომბერს ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა პროტესტის შემზღუდავი კანონები მიიღო.

ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს დაემატა ახალი ნაწილი, რომელიც აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას აწესებს შემდეგ შემთხვევებში: სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა; ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა; განზრახ დაბრკოლების შექმნა ხალხისა ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის; დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რომელიც პოლიციის მოქმედებას უშლის ხელს; ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, როცა აქციის ჩატარება სხვა ფორმითაც შესაძლებელია. ქმედებები 15 დღემდე პატიმრობას გამოიწვევს.