უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტს

უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის (ორესტ ბერეზოვსკის) მოქალაქეობა ჩამოართვა.

ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ორესტ ბერეზოვსკიმ 2002 წელს ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის შესაბამის ორგანოებს.

უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ორესტ ბერეზოვსკის აქვს კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან, რუსეთის პატრიარქ კირილთან და ის განზრახ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბური ინტერვენციის მიუხედავად, ონუფრი ფაქტობრივად განაგრძობს რუსეთის ეკლესიის და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკის მხარდაჭერას.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთების თხოვნის პასუხად, ორესტ ბერეზოვსკიმ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ "არასდროს მიუმართავს სხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად".

2023 წელს უკრაინულმა მედიამ ჩაატარა გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ ონუფრიმ 1998 და 2003 წლებში არაერთხელ მიიღო რუსული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის უცხოური პასპორტები. მაშინ ონუფრიმ დაადასტურა, რომ ადრე ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დე ფაქტოდ მიიღო, შემდეგ კი მასზე "მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო უარი თქვა".