გამოცემა BBC-ის ცნობით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადასვლაზე შეთანხმდა.
"უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საეკლესიო კრებაზე ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში ქრისტიანები შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ და არა როგორც ადრე, 7 იანვარს", - წერს გამოცემა.
გამოცემა იუწყება, რომ ახალი კალენდარი აღდგომასა და სამებაზე არ იმოქმედებს. ახალ კალენდარზე საბოლოოდ გადასვლის გადაწყვეტილება ოფიციალურად, ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, 27 ივლისს იქნება მიღებული.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ საკითხი მოგვარებულია და ახალ კალენდარზე გადასვლა 1 სექტემბრიდან მოხდება. ამასთან, სამრევლოები, რომლებიც უარს იტყვიან ახალი კალენდრის გამოყენებაზე, ძველი თარიღების შენარჩუნებას შეძლებენ.