
თურქეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელშიც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პუტინთან გამოთქვა ანკარის მზაობა უმასპინძლოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს.
ერდოღანი მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას მოლაპარაკებების სტამბულში განახლებასთან დაკავშირებით და დაამატა, რომ ეს მდგრადი გადაწყვეტილებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
საუბრისას თურქეთის ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ მშვიდობის მისაღწევად შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა და რომ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს შექმნის.
***
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიევს 30-დღიან ზავზე დათანხმების ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
მისი თქმით, შეხვედრა უნდა შედგეს ხუთშაბათს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში.
პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებები სტამბოლში მიმართული იქნება ომის ძირეული მიზეზების აღმოფხვრასა და "გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობის" აღდგენაზე და არა უბრალოდ "გადაიარაღების პაუზისთვის".
ჩვენ ვთავაზობთ კიევის რეჟიმს პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკვე ხუთშაბათს, სტამბულში", - თქვა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის განცხადებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ელიან, რომ ხვალიდან, 12 მაისიდან რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას, ამის შემდეგ კი უკრაინა შეხვედრისთვის მზად არის.
ზელენსკის თქმით, პუტინის განცხადება კარგი ნიშანია, რომ "რუსები საბოლოოდ ფიქრობენ ომის დასრულებაზე".