უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობიდან უკრაინელი სამხედროების დაბრუნების პროცესი განახლდა. მისი თქმით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში დღეს განხორციელდა პირველადი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში მძიმე დაჭრილი და გადაუდებელ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მებრძოლები დაბრუნდნენ.

"ეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტია", — აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინა გააგრძელებს ყველა ტყვე ჯარისკაცის დაბრუნებაზე მუშაობას.

„ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაბრუნებას, რის შესახებაც სტამბოლში შევთანხმდით. დღეს — რუსეთის ტყვეობიდან ჩვენი მძიმედ დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების დაბრუნების პირველი ეტაპია. ისინი ყველა საჭიროებენ დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ჰუმანიტარული აქტი.

უკვე სახლში, უკრაინაში არიან ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სხვადასხვა სტრუქტურის ჯარისკაცები: შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის რიგებიდან.

ტყვეების გაცვლა უნდა გაგრძელდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ და დავაბრუნოთ ყველა ტყვე — როგორც ქალი, ისე კაცი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ საქმეში ეხმარება", - წერს ზელენსკი ტელეგრამზე.