უკრაინამ კურსკში რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის ამერიკული ბომბები გამოიყენა

უკრაინამ კურსკში რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის ამერიკული ბომბები გამოიყენა

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშუკის ინფორმაციით, უკრაინამ კურსკში მაღალი სიზუსტის GBU-39 ტიპის ამერიკული ბომბები რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ გამოიყენა.

როგორც ოლეშუკი ტელეგრამზე წერს, საჰაერო დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტზე, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფზე, ტექნიკაზე, შეიარაღებაზე და 40-მდე რუს სამხედროზე განხორციელდა.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.

19 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში უკვე 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.