უკრაინამ კურსკში კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გაანადგურა

უკრაინამ კურსკში კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ხიდი გაანადგურა, რომელსაც რუსები არმიის მომარაგებისთვის იყენებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსი სამხედრო ბლოგერები და ძალოვნებთან კავშირში მყოფი ტელეგრამ-არხი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ხიდი, რომელიც მდინარე სეიმს კვეთდა და სოფელ ზვანნოეში მდებარეობდა, რუსებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო.

ტელეგრამ-არხი - Mash წერს, რომ თავდასხმა HIMARS-ის რაკეტებით განხორციელდა. კიდევ ერთი არხი წერს, რომ გლუშკოვის რაიონში დარჩა მხოლოდ ერთი ხიდი, რომლითაც რუსეთი არმიის მომარაგებას შეძლებს - ის სოფელ კარიჟში მდებარეობს.

ეს კურსკის ოლქში რიგით მეორე ხიდია, რომელიც უკრაინელებმა გაანადგურეს. 16 აგვისტოს იერიშის შედეგად პირველი სტრატეგიული ხიდი დაინგრა.