უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ხელი მოაწერეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბარსემ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულებს გამოიძიებს.

შეთანხმებას ხელი მოეწერა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტის ფარგლებში. მანამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ალან ბერსეს აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მიანიჭა.

***

რადიო თავისუფლება წერს, თუ რას გულისხმობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალი. ის გამოიძიებს იმ აგრესიის დანაშაულებს, რომლებზეც არ ვრცელდება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქცია.

"ეს იქნება საერთაშორისო სასამართლო, რომლის საფუძველი უკრაინის კანონმდებლობაში დაიდება და ექნება სამართლებრივი სტატუსი როგორც უკრაინული, ასევე საერთაშორისო, მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით. მასპინძელი ქვეყანა ჯერ არ არის გადაწყვეტილი: თავიდან განიხილებოდა საფრანგეთი - სტრასბურგი (ევროპის საბჭოს შტაბ-ბინა), თუმცა საბოლოოდ შესაძლოა ტრიბუნალმა ნიდერლანდში - ჰააგაში დაიდოს ბინა", - წერს რადიო თავისუფლება.

RFE/RL-ის მიერ ნანახი ტრიბუნალის წესდების პროექტის მიხედვით, "აგრესიის დანაშაული" გულისხმობს იმ " პირის მიერ, რომელიც ეფექტურად აკონტროლებს ან წარმართავს სახელმწიფოს პოლიტიკურ ან სამხედრო ქმედებებს” ისეთი "აგრესიის აქტის დაგეგმვას, მომზადებას, დაწყებას ან განხორციელებას, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მასშტაბით მკაფიოდ არღვევს გაეროს ქარტიას."

აგრესიის აქტად მიიჩნევა "სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ".

"ის, რასაც ბოლო წლებში რუსეთი აკეთებს - ოკუპაცია, ანექსია, საზღვაო ბლოკადა და სამოქალაქო თუ სამხედრო ობიექტების დაბომბვა (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარყოფს სამოქალაქო სამიზნეებზე შეტევას), საერთაშორისო სამართლის მიხედვით აგრესიის აქტებია, რუსეთის ომი უკრაინაში კი "არასამართლიანი" ან "დაპყრობითი ომია".

ასე რომ "აგრესიის დანაშაული" - ეს ცნება ფართო მნიშვნელობისაა და შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქმედებებსაც, რომლებიც ომის დანაშაულებად ან გენოციდად ითვლება. ახალი ტრიბუნალი მჭიდროდ ითანამშრომლებს ICC-სთან, რათა საქმეების გამიჯვნა მოხდეს", - წერს რადიო თავისუფლება.

ტრიბუნალს ექნება უფლებამოსილება "გამოიძიოს, დევნოს და გაასამართლოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი პირები". ასეთი დანაშაულები, "ხელმძღვანელობის დანაშაულებია", ანუ ჩადენილია მათ მიერ, ვინც ფლობს რეალურ ძალაუფლებას პოლიტიკური ან სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებისას.

ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს უწყობენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შერყევას, იქნება ეს ბელარუსში, ირანსა თუ ჩრდილოეთ კორეაში.

რადიო თავისუფლება სტატიაში საუბრობს სამართლებრივ იმუნიტეტზეც და მიუთითბს, რომ რუსეთის პრეზიდენტს და მის გარემოცვას აქვთ სამართლებრივი იმუნიტეტი, ვინაიდან თანამდებობაზე იმყოფებიან. ასევე, აღნიშნავს, რომ ამ იმუნიტეტის გაუქმება ფორმალური პროცედურაა და ის მხოლოდ გაეროს შეუძლია, რომლის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრიც არის რუსეთი, შესაბამისად, ეს მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობად რჩება. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ტრიბუნალი მრავალ "დაუსწრებელ განაჩენს" გამოიტანს.

რადიო თავისუფლება ასევე წერს, თუ როგორ შეიქმნება და რას გააკეთებს ახალი ტრიბუნალი. კერძოდ, წერს, რომ დაახლოებით 40-ქვეყნიანი ჯგუფი ერთგვარი "სამართლის ნებაყოფლობითი კოალიციაა", რომელშიც შედის ევროკავშირის 27 წევრიდან უმეტესობა (გარდა უნგრეთისა და სლოვაკეთისა), G7-ის ქვეყნები (აშშ-ს გამოკლებით, რომელმაც ახლახან მიანიშნა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას), და ევროსაბჭოს წევრების ნაწილი.

ნებისმიერ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ შეუერთდეს ამ კოალიციას, ნებისმიერ დროს. მისი მმართველი კომიტეტი (შედგება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან), შეარჩევს ტრიბუნალის მოსამართლეებსა და პროკურორს.

"პროექტის წესდებაში მითითებულია, რომ "სპეციალური ტრიბუნალის მოსამართლეები უნდა იყვნენ მორალურად უმწიკვლო, მიუკერძოებელი იურისტები, თავიანთ ქვეყნებში უმაღლესი სასამართლო თანამდებობებისთვის საჭირო კვალიფიკაციით.

მოსამართლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და არ მიიღონ მითითებები არცერთ მთავრობისგან. არ შეიძლება ორი მოსამართლე ერთი და იმავე ქვეყნის მოქალაქე იყოს.

პროკურორი საიდუმლო კენჭისყრით აირჩევა მმართველი კომიტეტის აბსოლუტური უმრავლესობით, შვიდი წლის ვადით.

თუ მხარე ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო, სასჯელი შეიძლება რამდენიმე წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთამდე იყოს, ასევე შეიძლება დაეკისროს ჯარიმა. სასჯელი მოიხდება იმ ქვეყანაში, რომელმაც სპეციალური შეთანხმება გააფორმა ტრიბუნალთან. თუ ასეთი არ მოიძებნა, "სასჯელი შესაძლოა უკრაინაში მოიხადოს", - ვკითხულობთ მასალაში.