საგარეოში ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

საგარეოში ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს.

ელჩი უწყებაში უკვე შევიდა, თუმცა შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

განახლება: ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 24 სექტემბერს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დაიბარა.

შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას".

ამასთან, საგარეოს განცხადებით, ელჩს "განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ" 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში".

ელჩის დაბარებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს ელჩის უსაფუძვლო დაბარებას და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას პიტერ ფიშერის წინააღმდეგ.