სახ.დეპი: რუბიომ ლავროვთან გაიმეორა ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტაზე

სახ.დეპი: რუბიომ ლავროვთან გაიმეორა ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტის შესახებ.

"სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტის შესახებ და მოსკოვის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანი დასრულების მიმართულებით შინაარსობრივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებითა და ევროკავშირის დახმარებით, უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიები "თავდაპირველი ფორმით" დაიბრუნოს. მან თქვა, რომ ამის საშუალებას რუსეთის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა.

ამასთან, მან რუსეთი პოსტში "ქაღალდის ვეფხვად" მოიხსენია, რასაც მოგვიანებით კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთი ქაღალდის ვეფხვი არ არის, არამედ დათვია, ხოლო მისი თქმით - "ქაღალდის დათვები არ არსებობენ".