გერმანიის საგარეო: ვგმობთ აგრესიულ რიტორიკას ელჩის მიმართ და მის უსაფუძვლო დაბარებას

გერმანიის საგარეო: ვგმობთ აგრესიულ რიტორიკას ელჩის მიმართ და მის უსაფუძვლო დაბარებას

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგარეო აცხადებს, რომ მტკიცედ გმობს ელჩის უსაფუძვლო დაბარებას და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას პიტერ ფიშერის წინააღმდეგ.

"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განგრძობით აგრესიულ რიტორიკას თბილისში, გერმანიის ელჩის წინააღმდეგ და დღეს მის უსაფუძვლო დაბარებას. ის ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს და ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე პიტერ ფიშერმა თქვა, რომ "ეს უჩვეულო შემთხვევაა "მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში".

მან ასევე დასძინა, რომ იგი სამინისტროში დაგმობს საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს.

შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას".

ამასთან, საგარეოს განცხადებით, ელჩს "განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ" 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში".