უკრაინა კახოვკაზე: დაავადების გავრცელება თავიდან ავირიდეთ

უკრაინა კახოვკაზე: დაავადების გავრცელება თავიდან ავირიდეთ

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესზე მომხდარი ტერაქტის შედეგების ლიკვიდაცია დაასრულეს და ინფექციური დაავადებების, კერძოდ ქოლერის გავრცელება თავიდან აიცილეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, იგორ კუზინის თქმით, ტერიტორიაზე სამი ინფექციური კერა არსებობდა, თუმცა სამი ათასზე მეტი ადამიანის გამოკვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ არც ერთ შემთხვევაში ქოლერა არ გამოვლენილა.

"დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტების და ექიმების, სასწრაფო დახმარების სამსახურისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით და იმის გამო, რომ ხალხმა დაიცვა რეკომენდაციები, მოხდა ინფექციური დაავადებების თავიდან აცილება"- თქვა მან.

6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

კაშხლის აფეთქებამ წყალდიდობა გამოიწვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰეს-ის განადგურების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 31 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

ტერაქტის შედეგად უკრაინაში თითქმის 700 000 ადამიანი დარჩა სასმელი წყლის გარეშე.