ზურაბიშვილი: თუ ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის მითი

ზურაბიშვილი: თუ ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის მითი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ეს "ქართული ოცნების მიერ შემოგდებული თემაა", რომლის მიზანიც - ოპოზიციის დასუსტებაა, რაც მისივე თქმით, "მიღწეულია".

ის ამბობს, რომ დარწმუნებულია, ქართული ოცნება ამ არჩევნებს არ ჩაატარებს და "არ მიიყვანს ბოლომდე ამ მითს".

"უკვე დაკარგულია ქართული ზრდილობა, ქართული წესები, ქართული ღირსება და ოფიციალური საქართველო უკვე მხოლოდ ლანძღვით, ბოღმით და მუქარით ელაპარაკება თავის საზოგადოებას. ეს არის ჩვენი დღევანდელი ქვეყანა, სადაც რეალურად სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები გარიგების, დაშინების, არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის, სამართალი აღარსად არ მოიპოვება და ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი.

არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული თემა სწორედ ქართული ოცნების მიერ, რისთვის? იმისთვის და შედეგიც მიღწეულია, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეები და მოწინააღმდეგეები - არ არსებული არჩევნების გამო. ჩვენ ვართ რაღაც აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ ახლა მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ.

რეალურად, მე ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები. ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხელისუფლება ბოლომდე ამ არჩევნების მითს", - ამბობს ის.

ბრიფინგზე მან ბოიკოტის კამპანიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს "მარცხით დასრულდება", რადგან ქართული ოცნება ამ შემთხვევაშიც გააყალბებს შედეგებს და მოახერხებს ხალხის იძულებას, რომ მიიყვანოს საარჩევნო უბნებზე.

აქედან გამომდინარე, ის ამბობს, რომ "არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია აწყობთ, არც ბოიკოტის" და ოპოზიციას "რეალისტურ გეგმას" სთავაზობს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ სიტუაციაში გამოსავალი არის ერთობა, რისთვისაც ის საჭიროდ თვლის წინააღმდეგობის პლატფორმის გაფართოებასა და გაძლიერებას.

"ჩვენი გამოსავალი არის ის, რაც იყო გუშინ, რაც რჩება დღეს - ერთიანობა და არა ყველაფერი ის, რაც პირიქით, ემსახურება დაპირისპირებას, გახლეჩას, უიმედობას. [...] ჩვენ კი არ უნდა გავუადვილოთ [ქართულ ოცნებას], ახალი სისხლი კი არ უნდა მივაწოდოთ ჩვენი შიდა დაპირისპირებით, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ ერთობა, რომელიც არის მათ წინააღმდეგ ყველაზე და ერთადერთი ეფექტური ბრძოლის საშუალება.

მინდა წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რაც გაგვაჩნია, რომელიც მოითხოვს, რომ მოვიდეთ გონს, არავინ არის გამარჯვებული და დამარცხებული - ასე უნდა დამთავრდეს ეს მონაწილეობას მივიღებთ თუ არა ჭიდილი, უნდა დამთავრდეს იმით, რომ ყველამ გავიგოთ - ეს არ არის ჩვენი თემა.

ჩვენი თემაა, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელიც მოგვიყვანა დღემდე და პოლიტიკურმა მხარემ როგორ უნდა გააძლიეროს ეს პროტესტი და არა პირიქით, ჩართოს თავის დაპირისპირებაში. ამისთვის საკმაოდ მარტივი გეგმაა - პირველი ნაწილია აღიარება, რომ არავინ გაიმარჯვა, არავინ დამარცხდა და ჩვენ არ მივდივართ ამ არჩევნების ფარსში, არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მივიღებთ ყველა მონაწილეობას ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში.

ეს მოითხოვს, პირველ რიგში, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაძლიერდეს და გაფართოვდეს, ამაში უნდა შემოიყვანოთ ყველა ის ფორმატები და ჯგუფები, რომლებიც ვიცი, რომ სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან, აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები - ყველა მოსაზრება არის საჭირო და ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა არის აუცილებელი. ეს არის ნამდვილი, ერთიანი წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე, რაც უნდა გვქონოდა ბევრად ადრე და რასაც ჰქვია, გარდამავალი მთავრობა.

არავის არ უყვარს ვაკუუმი, ჩვენი საზოგადოების წუხილი და მისი ნაკლები ჩართულობა აქედანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს - ესენი თუ არა, აბა ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა, როდესაც მოდის რეჟიმის ცვლილება და ამ კითხვაზე ჩვენ ვართ ვალდებული, რომ პასუხი გავცეთ საზოგადოებას და დავანახოთ, ვინ იქნება ხვალ, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება ამ რეჟიმის დასრულებით.

მესამე, რაც გვჭირდება - ეს არის სამოქმედო გეგმა, პროგრამა და გვაქვს, ეს არის ქართული ქარტია, რომელსაც სჭირდება განახლება, რადგან მისი მიღების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილები არ შეცვლილა, მაგრამ უნდა შევცვალოთ და გავააქტუალიზოთ და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც პრაქტიკულად, უკვე გვაქვს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.