
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ საუდის არაბეთში გამგზავრებას უკრაინის დელეგაციასთან შესახვედრად აპირებს.
"ჩვენ ამჟამად ვმსჯელობთ, რათა უკრაინელებთან შეხვედრა შევათანხმოთ ერ-რიადში ან იქნებ ჯიდაშიც კი", - თქვა უიტკოფმა.
მან შეხვედრის თარიღი არ დაასახელა, თუმცა ანონიმურმა უკრაინულმა წყარომ ახლახან განუცხადა AFP-ს, რომ ის ერ-რიადში სამშაბათს, 11 მარტს გაიმართება.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა, საუდის არაბეთში 12 მარტს გაიმართება.
ასევე,
Fox News-ის ჟურნალისტის, ჯაქი ჰაინრიხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-უკრაინის მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
ჟურნალისტის ცნობით, საუდის არაბეთში უკრაინულ მხარესთან შეხვედრისთვის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი გაემგზავრებიან.
ჟურნალისტ ჰაინრიხის თქმით, შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შესახვედრად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი გაემგზავრება.
"რუბიო, უიტკოფი, უოლცი სამშაბათს ერ-რიადში გაემგზავრებიან, რათა უკრაინელებს შეხვდნენ, მათ შორის, ერმაკს", - წერს ჟურნალისტი X-ზე.