
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბაჩიაშვილისთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
"ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა პირი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება", - წერს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.