რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ვანდალიზმის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სახელმწიფო მედიების ინფორმაციით, ინციდენტები მოიცავდა ხმის მიცემის ურნებში მწვანე საღებავის ან ბრილიანტის მწვანის ჩასხმას, საარჩევნო უბნებზე ცეცხლის გაჩენასა და ფეიერვერკების გაშვებას.
გამოცემა TASS წერს, რომ ინციდენტების ძირითადი ნაწილი მოხდა მოსკოვის, ვორონეჟის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საარჩევნო უბნებზე. ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა საარჩევნო უბანში მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. კიდევ ერთ ვიდეოში გამოჩნდა, რომ საარჩევნო კაბინას ცეცხლი გაუჩნდა. ერთმა ახალგაზრდა ქალმა კი ურნაში მწვანე საღებაში ჩაუშვა.
როგორც ცნობილია, დაკავებულია სულ მცირე რვა ადამიანი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-დან 17 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ უპირობო გამარჯვებული იქნება ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს.
რუსეთი არჩევნებს ატარებს უკრაინაში ანექსირებულ ტერიტორიებზეც. ამასთან, საარჩევნო უბნები აქვს გახსნილი ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში.
რუსული ოპოზიცია არჩევნებზე საპროტესტო აქციის "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" ჩატარებას გეგმავს. ის პეტერბურგის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა მაქსიმ რეზნიკმა მოიფიქრა. აქცია გულისხმობს იმას, რომ ისინი, ვინც პუტინის წინააღმდეგნი არიან, საარჩევნო უბნებზე 17 მარტს, შუადღის 12 საათზე ერთდროულად მივიდნენ.
აღნიშნულ აქციას კოლონიიდან მხარი დაუჭირა ალექსეი ნავალნიმაც. მისი სიკვდილის შემდეგ აქციის მხარდაჭერით ნავალნის გუნდი გამოვიდა. რუსი ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ აქციაში, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს - არ აღიარონ არჩევნების შედეგები და პუტინის ლეგიტიმაცია.