საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანია ერ ტე დე-ს მიერ სამინისტროს ტენდერის მოგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ერ ტე დე კომპანიაა, რომელსაც წერეთლის გამზირზე სამუშოების უხარისხოდ შესრულების გამო თბილისის მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტა. დღეს, 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამ კომპანიამ 18 იანვარს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერი მოიგო.
გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ, უარი ეთქვათ ხელშეკრულების გაფორმებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
უწყების მტკიცებით, "საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარჯვებულის გამოვლენისას იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად".
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა გასულ წელს - 2023 წლის 9 ნოემბერს.
ტენდერი გაიხსნა და სატენდერო წინადადებების შესწავლა-შეფასება დაიწყო 2023 წლის 15 დეკემბერს. მასში მონაწილეობდა 3 პრეტენდენტი. კომპანია ერ ტე დე, იმის გათვალისწინებით, რომ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მითითებული ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი, გამარჯვებულად გამოვლინდა 2023 წლის 22 დეკემბერს.
კომპანია ერ ტე დე-ს მოწვევა ხელშეკრულების გასაფორმებლად გაეგზავნა 2024 წლის 4 იანვარს, ხოლო მასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 18 იანვარს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარჯვებულის გამოვლენისას იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და არ გააჩნდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ანდა ტენდერის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი.
ასევე, დეპარტამენტს არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. უფრო მეტიც, სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უარი იქნებოდა კანონდარღვევა
მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ სატენდერო დოკუმენტებში ნათლად ჩანს ტენდერის გამოცხადებისა და დასრულების ვადები, ტელეკომპანიის წარმომადგენლები, კომპეტენტურ უწყებასთან გადამოწმების გარეშე, შეგნებულად ავრცელებენ არასრულ ინფორმაციას, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს - კვლავ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა და მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია"- ამტკიცებენ გზების დეპარტამენტში.
მერიასა და კომპანიას შორის კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ცნობილი 16 იანვარს გახდა.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".
ამასთან, მერიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წერილებით ირკვევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ".