"თუ შეკითხვები აქვთ, მოვიდნენ და მკითხონ, ან ექიმებს ჰკითხონ" - ასე პასუხობს ქართული ოცნების ლიდერებს ზაზა ბირიაშვილი, რომელმაც 7 მარტის აქციაზე თვალში მხედველობა დაკარგა.
როგორც ბირიაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, ერთ-ერთ თვალში "აღარანაირი სინათლე აღარ არის".
"ცოტა თავბრუსხვევები მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი არ არის. აქეთ თვალში აღარანაირი სინათლე არ არის, თვალი კი არის, მაგრამ სინათლე არ არის. ახლა მოვედი ექიმთან, უნდა გამსინჯოს. დაშლილია თვალი, ააწყვეს, ბადურა ჩამოშლილი იყო.
თუ შეკითხვები აქვთ, მოვიდნენ და შემეკითხონ ან მოვიდნენ და ექიმებს ჰკითხონ. კაცი შვილი ჩემგან მთავრობისგან არ მოსულა, არავინ დაინტერესებულა ჩემით", - ამბობს ბირიაშვილი.
დღეს ქართული ოცნების წევრს და პარლამენტის ვიცე სპიკერს გია ვოლსკის ზაზა ბირიაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ "მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს".
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
"ჩემი საქმე გავაკეთე, რაც ქართველს ეკუთვნის" - კაცი, რომელმაც აქციაზე მხედველობა დაკარგა