პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ 7-9 მარტის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციას ჰქონდა "ლოიალური დამოკიდებულება'", რაც მისი მტკიცებით, ოპოზიციისთვის გასაკვირია.
კითხვაზე, რომელიც ზაზა ბირიაშვილს ეხებოდა, რომელმაც 7 მარტს აქციაზე თვალში მხედველობა დაკარგა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ "მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს".
"ლოიალური დამოკიდებულება თუნდაც პოლიციური ოპერაციისა, რომელიც 8 მარტს ვიხილეთ, არის გასაკვირია მათთვის და რასაკვირველია, რაც მეტი იქნება დაძაბულობა, მით ძლიერი იქნება ოპოზიციის მცდელობა, ხელისუფლება რაღაც მონსტრად წარმოადგინოს, ანუ დააბრალოს იგივე, რაც თვითონ იყო ყოველთვის. რეალურად, ეს სურათია, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, ეს არ ხდება, სისხლი არ დაიღვარა, ადამიანი არავინ არ მოკვდა, არავინ არ გარდაიცვალა...
იცით რაშია საქმე, გადავხედოთ რა სიტუაციას, ზოგადად, ამ მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებითაც გარკვეული შეკითხვები არსებობს. რეალურად, სიკვდილის მოთხოვნა, ორი გვამის მოთხოვნა, დღის წესრიგშია", - თქვა ვოლსკიმ.
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
"ჩემი საქმე გავაკეთე, რაც ქართველს ეკუთვნის" - კაცი, რომელმაც აქციაზე მხედველობა დაკარგა