თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მუჰამედ ფეთჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა

თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მუჰამედ ფეთჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა

Reuters თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილი იმამი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც ანკარას ცნობით, 2016 წლის წარუმატებელი გადატრიალების უკან იდგა, 83 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა.

"გიულენმა შექმნა ძლიერი ისლამური მოძრაობა თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ბოლო წლები თურქეთის ლიდერის, ერდოღანის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის ორკესტრირების ბრალდებაში გაატარა. მან ბრალდებები უარყო", - წერს გამოცემა.

Reuters აღნიშნავს, რომ ვებგვერდმა, რომელიც გიულენის ქადაგებებს აქვეყნებს, X-ზე დაწერა, რომ გიულენი კვირას საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მას მკურნალობდნენ.

გიულენი ერდოღანის მოკავშირე იყო. პირველი უთანხმოება მათ შორის 1999 წელს მოხდა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ფეთჰულა 2016 წელს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში საჯაროდ დაადანაშაულა, რასაც გიულენის მიმდევრების მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.

გიულენი მოძრაობა ჰიზმეთის ლიდერი იყო - მას მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს. მოძრაობის ცნობით, მათი მთავარი დანიშნულება ახალი თაობის მუსლიმებისთვის განათლების მიწოდებაა.