პროკურატურის ინფორმაციით, ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.
უწყებაში ამბობენ, რომ ფარიდ გურბანოვი ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა.
პროკურატურის ცნობით, დადგენილია, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.
"ჩამოსვლისთანავე დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და ამ მიზნით თბილისში, პეკინის გამზირზე ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებელი ბინა იქირავეს. მათ სპეციალურად შეიძინეს "ჰონდას" მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ ჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების კონტროლი.
დამნაშავეები თვალთვალისას და ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას. ისინი სისტემატურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს. 2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და "მაკაროვის" სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით 3 გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა.
აღნიშნულის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი ადგილზე გარდაიცვალა. იმავე დღეს, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველო დატოვეს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.