შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დარეკონ ცხელ ხაზზე, ნომერზე: 598 913 089
"ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, დღეს შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ საგანგებო თათბირი გაიმართა.
შეხვედრაზე დღეს, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს.
სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089" - წერია განცხადებაში.
დღეს კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და ხვალ დილიდან გაგრძელდება.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
შსს-ის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.