თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები: მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას

თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები: მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გმობენ და საქართველოს ევროინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებენ.

სტუდენტები მოუწოდებენ თსუ-ს ადმინისტრაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს უნივერსიტეტის წესდებას, სხვადასხვა კონსტიტუციურ ნორმასა და ადამიანური ურთიერთობების ფორმებს

"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, დემოკრატიული წესწყობილების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ერთსულოვნად ვაცხადებთ, რომ:

ა) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის განათლებისა და აკადემიური სივრცის კერა, რომელიც ეფუძნება სტუდენტებისა და ლექტორების პროფესიულ ურთიერთობას;

ბ) ჩვენი სასწავლებელი არის ადგილი, რომელშიც პირველ რიგში დაცული უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებებისა და დასავლური ცივილიზაციებისათვის დამახასიათებელი პრინციპები - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დემონსტრაციის უფლება, კრიტიკული მსჯელობა…

გ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ფლობდეს ფართო ავტონომიას. ამისათვის, იგი უნდა გათავისუფლდეს პარტიული გავლენებისაგან და ემსახუროს მის ფუძემდებლურ პრინციპებს - აღზარდოს ახალი თაობის პროფესიონალები, ხარისხიანი განათლებით, სწორი ღირებულებებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და თავისუფლების დაცვის სურვილით.

ჩვენ ერთობლივად ვგმობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც ძირს უთხრის ივანე ჯავახიშვილისეულ იდეას, სწავლა-სწავლების პრინციპებსა და განვითარებული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ კომპონენტებს.

ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია საუნივერსიტეტო სივრცეში დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტების მიმართ ძალადობა, აკადემიური პერსონალისა თუ სტუდენტებისათვის სასწავლებლის კარის დაკეტვა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, საუნივერსიტეტო/აკადემიური საზოგადოების წინააღმდეგ ძალოვან სტრუქტურებთან კოლაბორაცია, რაც კრიმინალური პოლიციის ქვედანაყოფებისათვის თსუ-ის ეზოს დათმობით გამოიხატა.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტები მოვუწოდებთ ცენტრალურ ადმინისტრაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს უნივერსიტეტის წესდებას, სხვადასხვა კონსტიტუციურ ნორმასა და ადამიანური ურთიერთობების ფორმებს. სტუდენტებს უნდა შეეძლოთ უნივერსიტეტში თავისუფლად გადაადგილება, საკუთარი კრიტიკული აზრის გამოხატვა. აუცილებელია შეწყდეს მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.

სოლიდარობას ვუცხადებთ და გვერდით ვუდგავართ ყველა სტუდენტსა და ლექტორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ევროინტეგრაციის, დემოკრატიზაციისა და პოლიტიკური გადარჩენის უმნიშვნელოვანეს პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის განცხადებას ხელს 100-ზე მეტი სტუდენტი აწერს.