"ცრუ მორალისტური კატეგორიებით აპელირება საკადრის პასუხს საჭიროებს" - ჩხეტიანი ბერძენიშვილზე

"ცრუ მორალისტური კატეგორიებით აპელირება საკადრის პასუხს საჭიროებს" - ჩხეტიანი ბერძენიშვილზე

ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი განცხადებას ავრცელებს, სადაც ლევან ბერძენიშვილს ისტორიისა და დღევანდელობის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "ცრუ მორალისტური კატეგორიებით აპელირება საკადრის პასუხს საჭიროებს".

აღსანიშნავია, რომ ჩხეტიანის განცხადება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის პირველ ნახევარში გაავრცელა. იქამდე, ვიდრე ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი მივიდოდა.

ჩხეტიანი ლევან ბერძენიშვილს "ზნედაცემულ ადამიანად" მოიხსენიებს, ბიძინა ივანიშვილს კი - "ქველმოქმედად" და ამბობს, რომ მისი ვრცელი განცხადების მიზანი იმის ჩვენებაა, "თუ ვინ არის სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი".

"რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მთავარის" ეთერში ლევან ბერძენიშვილმა კვლავ მისცა თავს უფლება, უსამართლო ბრალდებებით თავს დასხმოდა ბიძინა ივანიშვილს და მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები გაეკეთებინა. ვინაიდან ბერძენიშვილის მხრიდან მსგავსი ქმედებები სისტემატიურ ხასიათს ატარებს და ის გარკვეული პერიოდულობით იმეორებს ცრუ ბრალდებებს, როგორც ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ გავცე მას პასუხი.

მიმაჩნია, რომ არც ლევან ბერძენიშვილი იმსახურებს გამორჩეულ ყურადღებას და არც ბატონ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ჩემი დაცვა. გარდა ამისა, არც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის საზოგადოებისთვის შეხსენებაა დღეს ჩემი მიზანი, თუმცა, საჭიროდ მიმაჩნია, ბერძენიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის დამახინჯებული შეფასების მაგალითზე საზოგადოებისთვის განვმარტო, როგორ ამახინჯებს ლევან ბერძენიშვილი დღევანდელობას, რაც იმის დასტურია, რომ მას საზოგადოებისთვის ისტორიის სწავლების არავითარი მორალური უფლება არა აქვს.

განვიხილოთ ბიძინა ივანიშვილისადმი ბერძენიშვილის ბრალდების ანატომია. „მთავარი არხის“ ხსენებულ გადაცემაში ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრინციპია, „მან იცის, როგორ იშოვოს ფული და იცის, როგორ არ უნდა იყოს ეს არანაირ ზნეობასთან დაკავშირებული“. ამას ბერძენიშვილი ამბობს ადამიანზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გვერდში უდგას ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომელმაც სამ მილიარდ დოლარზე მეტი უანგაროდ დახარჯა საქართველოში განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებზე, რომლებმაც საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა.

მრავალი წელია, ვმუშაობ „ქართუს“ სისტემაში და საკმაოდ ახლოს ვიცნობ როგორც თავად ბატონ ბიძინას, ისე მის ოჯახს. ვიცი რა ამ ოჯახის დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმების მიმართ, შესაძლოა, სხვებზე ცხადად ვხედავ ნასროლი ბრალდებების სიყალბეს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ერთი კონკრეტული პირის მხრიდან გამუდმებული თავდასხმები და ცრუ მორალისტური კატეგორიებით აპელირება საკადრის პასუხს საჭიროებს.

პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონება შექმნა სხვა ქვეყანაში. სამშობლოში დაბრუნების დღიდან კი მან შეგნებულად შეწყვიტა მომგებიანი ბიზნესსაქმიანობა და მას შემდეგ ის უცხო ქვეყანაში შექმნილი ქონების საქართველოს სასარგებლოდ განკარგვით არის დაკავებული. ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი მინდა, მოვიყვანო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ბანკ „ქართუს“ არასოდეს უწარმოებია აგრესიული საბანკო პოლიტიკა. ბანკ „ქართუს“ დაარსებიდან ცოტა ხანში ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა ამერიკელების მიერ დაფუძნებული და შემდეგ გაკოტრებული „აბსოლუტ ბანკის“ პასივები, რითიც მან ქართული საბანკო სისტემა თავის დროზე გარდაუვალ კოლაფსს გადაარჩინა. ბანკ „ქართუს“ ჰქონდა სრული რესურსი, აგრესიული საბანკო პოლიტიკა ეწარმოებინა და ის ნიშა დაეკავებინა, რომელიც დღეს ყველაზე რენტაბელურ ქართულ ბანკებს უკავიათ, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ამგვარ პოლიტიკაზე თავიდანვე შეგნებულად თქვა უარი, რადგან მას ბანკი „ქართუ“ იმთავითვე არა ფინანსური მოგების მიღების, არამედ ქართული საბანკო სისტემის გამაგრების ინსტრუმენტად ჰქონდა მოაზრებული. აქტივების გარეშე დარჩენილი და გაკოტრებული „აბსოლუტ ბანკის“ პასივების გამოსყიდვა ამის ერთ-ერთი უტყუარი დადასტურება იყო. რამდენიმე წლის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკი „ქართუც“ საქველმოქმედო ფონდს გადასცა საკუთრებაში, რაც ასევე იმის დასტურია, რომ ის ბანკს მოგების მიღების ინსტრუმენტად არასოდეს მოიაზრებდა.

ანალოგიური მიდგომით შეიქმნა „თანაინვესტირების ფონდიც“. საზოგადოებას ახსოვს უამრავი სპეკულაცია და ცილისწამება ფონდის გარშემო. პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ამტკიცებდნენ, რომ ფონდი იაფად ითვისებდა სახელმწიფო ქონებას, მიწებს და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოგება არც „თანაინვესტირების ფონდის“ საქმიანობიდან მიუღია, რაც თავიდანვე მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო. ყველა დასრულებული პროექტი, მათ შორის სასტუმროები, რომელთა მშენებლობა ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და ადამიანების დასაქმებას ისახავდა მიზნად, ბოლოს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაეცა, რითიც მკაფიო პასუხი გაეცა ყველა სპეკულაციასა და ცილისწამებას. ამჟამად განხორციელების პროცესშია „თანაინვესტირების ფონდის“ რამდენიმე მიმდინარე პროექტი და შესაბამისი პროექტების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციაც ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.

მთლიანობაში, როგორც ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელმა და საქმეში სრულად ჩახედულმა ადამიანმა, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს საქართველოში განხორციელებული არცერთი პროექტიდან სახლში ერთი თეთრი მოგებაც კი არ წაუღია. ფონდში ჩემი მუშაობის 17 წლის განმავლობაში არ იყო არცერთი შემთხვევა იმისა, რომ ფონდის სახსრებით ივანიშვილების ოჯახს რაიმე სარგებელი მიეღოს. და ეს იმ ფონზე, რომ, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხაზით, გასული წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ქველმოქმედება განახორციელა.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ 3-მილიარდიანი ქველმოქმედება არ მოიცავს დახმარებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების სასარგებლოდ გასცემდა და დღემდე გასცემს. აღნიშნული დახმარებაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად შეეძლო, ეს დახმარებაც საქველმოქმედო ფონდის ხარჯებში შეეტანა. თუმცა, ამგვარ დახმარებას ბატონი ბიძინა ფონდისგან დამოუკიდებლად გასწევდა. მან პრინციპულად გაავლო ზღვარი ქველმოქმედებასა და ახლობლების დახმარებას შორის, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ არათუ „ფულის შოვნისას“, ფულის ხარჯვის დროსაც კი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის განსაკუთრებულ ზნეობრიობას ავლენდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები ქველმოქმედების სარჩულს ხშირად იყენებენ კორუფციისა და ფულის გათეთრების შესანიღბად. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მან ქველმოქმედებად საკუთარი ახლობლების დახმარების მოხსენიებაც კი არ დაუშვა, რაც ცხადყოფს, რომ ქველმოქმედების განხორციელებისას ის ყოველთვის ზნეობისა და მორალის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად მოქმედებდა.

მოგეხსენებათ, 2020 წელს ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი გადასცა ფონდ „ქართუს“. ამაში შედის როგორც ბანკ „ქართუს“ აქციები, ისე „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ განხორციელებული ყველა საინვესტიციო პროექტი. შესაბამისად, ამ პროექტებიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება. მიმაჩნია, რომ ქველმოქმედების ეს უპრეცედენტო აქტიც ნათლად ასახავს ამ ადამიანისა და მისი ოჯახის მაღალ ზნეობრივ პრინციპებსა და დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბერძენიშვილის კიდევ ერთი ცილისმწამებლური განცხადება კანაფის თემას უკავშირდებოდა. კერძოდ, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს „კოლუმბიად“ გადაქცევას უპირებდა და მან ბიძინა ივანიშვილის მიერ „ფულის შოვნისას“ ზნეობრივი პრინციპების უგულვებელყოფა სწორედ ამ საკითხს დაუკავშირა. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოში კანაფის წარმოების იდეა ნამდვილად ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, საუბარი იყო არა ნარკოტიკების წარმოებაზე, არამედ მხოლოდ სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივირებაზე, რასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგების მოტანა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის თვისებრივად გაზრდა შეეძლო. თუმცა, საქართველოსთვის ამგვარი პოტენციური სარგებლის ხელიდან გაშვების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ინიციატივაზე, როგორც კი საკუთარი გუნდიდან წინააღმდეგობრივი რეაქციები მოისმინა. ეს ყველაფერი, ზნეობრიობასთან ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მართვის დემოკრატიულ სტილზეც მიანიშნებს.

შეამჩნევდით ალბათ, რომ თავის საჯარო გამოსვლებსა და ლექციებში ლევან ბერძენიშვილი გამუდმებით თავს ესხმის ამა თუ იმ ისტორიულ მოღვაწეს და აუგად იხსენიებს მათ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისტორიული მოვლენებისა და მოღვაწეების განხილვა ტაბუირებული უნდა იყოს და მათი ხსენება მხოლოდ სადღეგრძელოების ფორმატში უნდა ხდებოდეს. პირიქით, ისტორია ცოცხალი მეცნიერებაა, ის მუდმივ შესწავლასა და კვლევას საჭიროებს. მაგრამ ნამდვილი მეცნიერისა და მკვლევარის ამოცანა რეალობის დადგენა და ჭეშმარიტების ძიებაა. ლევან ბერძენიშვილის მხრიდან კი გამუდმებით ადგილი აქვს ამა თუ იმ მოღვაწის უსაფუძვლო ლანძღვას აუდიტორიის წინაშე.

სხვათა შორის, თავად ლევან ბერძენიშვილს აქვს ნათქვამი: „საკმარისია, ერს მოაცილო მისი ისტორიული გმირები და ქვეყანაც აღარ დარჩება“. აქედან ჩანს, თუ რა მიზანს ემსახურება მის მიერ ჩვენი ერის ისტორიული გმირების გამუდმებული შეურაცხყოფა. ღრმად მწამს, რომ ბერძენიშვილი სწორედ იმ ძალების დავალებით მოქმედებს, რომელთა მიზანია, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქვეყანა აღარ დარჩეს“ და გარედან მართულ, ეროვნული იდენტობისგან დაცლილ ტერიტორიად და ხალხის მასად გადაიქცეს.

ლევან ბერძენიშვილის ხელწერაა, ადამიანებზე ზუსტად იმის საპირისპირო ამტკიცოს, რაც ამ ადამიანებისთვის სინამდვილეში არის დამახასიათებელი. მან მოახერხა და ერეკლე მეორეს, რომელმაც სამშობლოსთვის უამრავი ომი გადაიტანა და ამ ომებში ათეულობით ჭრილობა მიიღო, მოღალატეობა დააბრალა. მან ასევე მოახერხა და დავით აღმაშენებელს, ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს ცუდი მამობა, უნიჭობა და ამორალურობა დასწამა. აქედან ჩანს, რომ ისტორიის დამახინჯება ლევან ბერძენიშვილის დავალებაა, რომელსაც ის ყოველგვარი ზნეობის გარეშე, თვალდახუჭული ასრულებს. ბერძენიშვილს, რომელიც ყოველთვის გარედან მიღებულ მტრულ დავალებებს ასრულებს და საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობას შეგნებულად ამახინჯებს, არავითარი მორალური უფლება არა აქვს, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ისევე, როგორც საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის სხვა მოღვაწეებზე ისაუბროს.

როგორც ცდილობს ზნედაცემული ლევან ბერძენიშვილი საქართველოს ისტორიის დამახინჯებას, ზუსტად ისევე ცდილობს ის დაამახინჯოს ჩვენი დღევანდელობა. ზუსტად ამის გამოვლინებაა, რომ ყველა თავის საჯარო განცხადებაში, რომელსაც ბერძენიშვილი ასე უხვად აკეთებს, ის ცდილობს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რამენაირად ჩირქი მოსცხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ქველმოქმედ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, ვერ ნახავთ იმის ერთ მაგალითსაც კი, რაშიც მას ბერძენიშვილი სწამებს ცილს. პირიქით, ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების წესში ზნეობრიობის უამრავი კარგი მაგალითი შეგვიძლია ამოვიკითხოთ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იყენებს ბერძენიშვილი სიტყვა „ზნეობას“, თავს უფლება მივეცი, ის ზნედაცემულ ადამიანად მოვიხსენიო.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ საჭიროებს ჩემგან დაცვას, ლევან ბერძენიშვილის საფუძველსმოკლებული თავდასხმები მას ვერაფერს დააკლებს. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრალდებებს აყენებს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საზოგადოებას განსწავლულობის ეტალონად წარმოუჩენს და ახალგაზრდობას ლექციებს უკითხავს, მათ შორის ჩვენი ისტორიისა და ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლებზე. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მებადება კითხვა, თუ როგორ უნდა ვენდოთ ადამიანს ისტორიული ამბებისა და ასპექტების განხილვისას, როდესაც ის ჩვენს თვალწინ მუდმივად ამახინჯებს დღევანდელობას. ჩემი მიზანი იმის ჩვენებაა, თუ სინამდვილეში ვინ არის ლევან ბერძენიშვილი, რა მორალისა და ზნეობის კაცია ის, ვინც დღეს ასე გამალებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაყალბებას. ისმის კითხვა, თუ რამდენად მისაღებია ისეთი ადამიანის „განმანათლებლობა“, რომელიც ასე თავხედურად ამახინჯებს ფაქტებს დღევანდელობაზე. როგორ უნდა გავყვეთ ლევან ბერძენიშვილს მის ლოგიკაში ისტორიული ამბების გადმოცემისას, როდესაც მას აწმყოშიც არ დაეჯერება?"- ამბობს ჩხეტიანი განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დღეს, 15 მაისს პროფესორ ლევან ბერძენიშვილის სახლთან ორგანიზებული ჯგუფი, 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა.

ბერძენიშვილი იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა ვარაუდობს, რომ უცნობი ადამიანების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.

***

ბოლო პერიოდში ბერძენიშვილი არაერთხელ გახდა პრორუსული ორგანიზაციების მხრიდან თავდასხმის ობიექტი.

ერთ-ერთი შემთხვევა ყვარელში მოხდა, სადაც ბერძენიშვილს საჯარო ლექცია უნდა წაეკითხა.

მას პრორუსულმა ალტ-ინფომ ხალხი დაახვედრა, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, ბერძენიშვილის ლექცია გაუქმდა და მან ევროატლანტიკურ ცენტრთან მისვალა ვერ მოახერხა.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც პროსახელისუფლებო და პრორუსული POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.