
ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია, მოიხსნა ვარდისფერი სათვალე, რომლითაც უყურებდა სამყაროს, მათ შორის ევროპას. ყველამ დაინახა, რომ ევროპა, ევროკავშირი არ არის წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს, ყველა ძალიან მშრალ, პრაგმატულ, გააზრებულ საკუთარ ინტერესებს ატარებს, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ეს ჩვენ დავინახეთ უკრაინა-რუსეთის ომის დროს, როცა შევხედეთ, რომ არავის ევროკავშირში, ბრიუსელში ჩვენი ინტერესები არ ადარდებთ. ყველამ გაგვწირა მაშინ რუსეთთან ესკალაციისთვის. მათ შორის გაგვწირა მათი „ენჯეობისა“ და ნაცმოძრაობის“ ხელით, როცა გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციას. ქართველმა ხალხმა მაშინ დაინახა, რომ წარმოდგენა, თითქოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის ღირებულება, რომელსაც ყველა ეტრფის, სინამდვილეში, კონსტრუქციაა, რომელსაც პატარა ქვეყნებს აჯერებენ, რომ სამყარო წესებზე დგას. სინამდვილეში, ეს არის ცივი გათვლის და საკუთარი ინტერესებს გატარების იგივე პოლიტიკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.