
განახლება: განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კლინიკის გვერდზე პოსტი აღარ იძებნება.
ფორმულა კლინიკის დირექტორს, მაია ჩხაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ პოსტის წაშლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
ციციშვილის ბავშვთა კლინიკა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ეს მათთვის მოულოდნელი იყო.
კლინიკა განცხადებაში საუბრობს ჩახუნაშვილს წვლილზე პედიატრიისა და ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგიის მიმართულებების განვითარებაში.
"ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ღვაწლმოსილი ექიმის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და აკადემიკოსის, მთელი საქართველოსათვის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ექიმის, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პედიატრისა და კარდიო-რევმატოლოგის, ბატონი გიორგი ჩახუნაშვილის დაკავება.
ბატონი გიორგი სამედიცინო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ფასდაუდებელია მისი წვლილი ქვეყანაში პედიატრიისა და ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგიის მიმართულებების განვითარებაში. ძალიან დიდია მის მიმართ იმ უამრავ პაციენტთა სიყვარული და მადლიერებაც, რომელთა ჯანმრთელობაზეც ბატონი გიორგი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე თავდაუზოგავად ზრუნავდა.
იმედს გამოვთქვამთ, უახლოეს პერიოდში, საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი", - წერია განცხადებაში.
9 ოქტომბერს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით აკადემიკოსი, 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს.