
ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს.
"ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე (აქ არ ვიცი რომელი სმაილიკი გამოვიყენო, ვერ ვიპოვე შესაბამისი)" - წერს ის.
პარალელურად დღეს შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ბაჩო ახალაია. საქმე 4 ოქტომბრის აქციის პარალელურად პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბარია ჩაწერილი.
გამოკითხვაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და აღნიშნა, რომ "არა თუ სიტყვა, არამედ ბგერაც კი არ არის მისი".
ბაჩო ახალაია ასევე აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძე მისი ოჯახის ახლობელია და მასთან კომუნიკაცია, შეხვედრა დაახლოებით 1 თვის წინ ჰქონდა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ბაჩო ახალაიას თქმით, ის მისი მეზობელია და შესაბამისად, ხშირად ნახულობს.