
"ოცნების" პროკურატურა აცხადებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ბრალდება წარუდგინა.
უწყება ირწმუნება, რომ მან "ბოროტად გამოიყენა" უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ, რათა მას პირადი ინტერესებისთვის გამოეყენებინა ბიზნესმენის სავარაუდო ცემის ფაქტი.
უფრო კონკრეტულად, პროკურატურა აცხადებს, რომ ქემოკლიძემ, გიორგი ბაჩიაშვილთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის საკანში ორჯერ შეასახლა პატიმრები, რისი მიზანიც, ბიზნესმენის "ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაციის მოწყობა" იყო.
განცხადების მიხედვით, დაკავებულს შინაპატიმრობა ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
მისი ადვოკატის თქმით, გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა - გიორგი ქემოკლიძემ, რომელიც იკავებდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ, რათა ამ უკანასკნელს მის მიმართ განხორციელებული ვითომდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გამოეყენებინა პირადი ინტერესებისათვის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
აღნიშნული მიზნით, გიორგი ქემოკლიძესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ. ხსენებულის შესანიღბად, გიორგი ქემოკლიძემ მისდამი დაქვემდებარებაში არსებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსს უბრძანა გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელი საკნისა და ამავე საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების გათიშვა, ხოლო უკვე არსებული ჩანაწერების ჩამწერი მოწყობილობიდან წაშლა, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა.
ვინაიდან, მოვლენები სცენარის შესაბამისად არ განვითარდა, მიზნის მისაღწევად გიორგი ქემოკლიძის ბრძანებით, 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელ საკანში შეასახლეს ერთი პატიმარი. აღნიშნულის ამსახველი მტკიცებულების განადგურების მიზნით, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსმა კვლავ გიორგი ქემოკლიძის ბრძანების შესაბამისად გათიშა გიორგი ბაჩიაშვილის საკნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების პირდაპირი რეჟიმით გადაცემის გამოსახულება, რის შემდეგაც ასევე მითითების შესაბამისად წაშალა ვიდეოჩამწერ მოწყობილობაზე არსებული ჩანაწერი.
აღნიშნული მიზნად ისახავდა, რომ არ დაფიქსირებულიყო გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტი, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი.
შედეგად, გიორგი ქემოკლიძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინაპატიმრობას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერია პროკურატურის განცახდებაში.
სუს-მა პენიტენციური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ქემოკლიძე დააკავა 9 ოქტომბერს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ქემოკლიძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ციხეში მომხდარი ინიციდენტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მან პოსტი დავით გოგოიბერიშვილთან ერთად დატოვა, რომლის გარდაცვალების შესახებაც ცნობილი 8 ოქტომბერს გახდა — გამოძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.