ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე მივიდა

ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე მივიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე მივიდა. შსს-ში ის ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს - საქმე 4 ოქტომბრის აქციის პარალელურად პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბარია ჩაწერილი.

გამოკითხვაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და აღნიშნა, რომ "არა თუ სიტყვა, არამედ ბგერაც კი არ არის მისი".

ბაჩო ახალაია ასევე აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძე მისი ოჯახის ახლობელია და მასთან კომუნიკაცია, შეხვედრა დაახლოებით 1 თვის წინ ჰქონდა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ბაჩო ახალაიას თქმით, ის მისი მეზობელია და შესაბამისად, ხშირად ნახულობს.

ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. მას არ მოუთხივა არც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა. ამის მიზეზად ბაჩო ახალაია ამბობს, რომ ქართული ოცნების პირობებში ყველა ინსტიტუცია მათ დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, მნიშვნელობა არ ექნებოდა - მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხებოდა, თუ არა.

ბაჩო ახალაია ამბობს, რომ მისი სახელის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირება მხოლოდ ქართული ოცნების პროპაგანდისტული მიზნების ნაწილია და აღნიშნავს, რომ მას "სამწუხაროდ, 4 ოქტომბრის მოვლენებთან არავითარი კავშირი არ აქვს".

"ალიან მრცხვენია და ძალიან, ძალიან "მიტყდება" ასე რომ ვთქვათ, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებში თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, ვისი არის მანდ ორგანიზება. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდება სჭირდებოდა, ვინმეს ორგანიზება? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ, სად ცხოვრობენ.

ბატონი პაატას, ლევან ხაბეიშვილის, ზოდელავას მოსაზრების ფორმირებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? თუ მიტინგზე ხალხის მოსვლას შეატყო ვინმემ ორგანიზება? - საუბარია ერთ მარტივ რამეზე, მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ, რომ რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები როგორიც არიან ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი, სხვები და რომლებსაც არ სჭირდებათ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ, ვინმეს კარნახი, ვინმეს რაიმე სახით ორგანიზება ან რამე. აბსოლუტურად ყველამ როგორც ნახეთ, ისე ვხედავდი მეც.

ე მგონია, რომ არის ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, რომელთაც 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰქონოდათ რამდენიმე ბუა, მათ შორის, ერთი მე. ბატონ პაატას ვიცნობ ძალიან კარგად, უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ, ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელია, მურთაზი ჩვენი მეზობელია, შესაბამისად, მე მგონია, ეს პრიმიტიული სცენარი გამოიყენეს და ცდილობენ, ხაზი გაუსვან იმას, რომ ადამიანებმა, მთელმა საქართველომ რაც დაინახა, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, სინამდვილეში, ქართველები კი არ ვარსებობთ, სინამდვილეში ვიღაცები ვიღაცებს უნდა აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები, აი ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოს", - თქვა მან გამოკითხვაზე შესვლამდე.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ბაჩო ახალაია, რომ დააკავებენ, ის პასუხობს: "რატომ უნდა გამოვრიცხო?".