ცესკო ISFED-ის კვლევაზე: ეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანების მცდელობაა

ცესკო ISFED-ის კვლევაზე: ეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანების მცდელობაა

ცესკო "საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში ჩართულ სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებთან დაკავშირებით" ISFED-ის კვლევას ეხმაურება და წერს, რომ მათ ყალბ და საეჭვო გვერდებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ცესკო აღნიშნავს, რომ კვლევის იმ დროს გამოქვეყნება, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესი მიმდინარეობდა, საეჭვოს ხდის ორგანიზაციის რეალურ მიზანს და მიუთითებს დაინტერესებაზე ნებისმიერი ფორმით და საშუალებით დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია.

"ამ შემთხვევაშიც, ეს ანგარიში დაინტერესებულმა მხარეებმა გამოიყენეს იმგვარად, თითქოს ამ ყველაფრის უკან საარჩევნო ადმინისტრაცია დგას.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ არანაირი კავშირი ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არ აქვს, არც ჰქონია და მომავალშიც არ განიხილავს ამგვარ არაკეთილსინდისიერ მექანიზმებს თავის საქმიანობაში.

სამართლიანობისთვის კარგი იქნეოდა, ორგანიზაციას იმავე ანგარიშში მიეთითებინა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უტყუარად დადასტურებული ყალბი და საეჭვო გვერდების ორგანიზებული შეტევების ფაქტები, განსაკუთრებით, 2020 წლიდან, რასაც სათავე მათ მიერ არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადებამ დაუდო", - წერს ცესკო.

ამასთან, ცესკო თვლის, რომ ნათელია, რატომ არ მოაწერა აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელი ცესკოსა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ ქცევის (ეთიკის) კოდექსს, პირველად ბოლო წლების განმავლობაში. მით უმეტეს, რომ აღნიშნული კოდექსის შემუშავების ერთ-ერთი მონაწილე და ინიციატორი თავად გახლდათ.

"ნაცვლად იმისა, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის არასწორი შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს 2024 წელს გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, რითაც ცალსახად დადასტურდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისწორე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე, ისინი საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და ამით საკუთარი მოქმედების თუ უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს მიუკერძოებელი და ობიექტური დაკვირვება საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართლიან არჩევნებს, დაუბრუნდეს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს და იმოქმედოს მაღალი ეთიკური პრინციპების დაცვით", - აღნიშნულია განცხადებაში.

***

სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული.


ISFED-ის ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა.

"ყალბი და საეჭვო ანგარიშები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ ელექტრონულ ტექნოლოგიებს დადებითად აფასებენ. მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მნიშვნელობა დააკნინონ და დეზინფორმაციად წარმოაჩინონ. ცესკოსა და მისი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მიმართ პოზიტიური კომენტარების გავრცელების პარალელურად, არაავთენტური ანგარიშები თავს ესხმიან ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, მათ შორის, ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს. პროფილები ხშირად ინტერაქციაში შედიან იმ ანგარიშებთანაც, რომლებიც ცესკოს პოსტებზე კრიტიკულ კომენტარებს წერენ - მათ არგუმენტებს უპირისპირდებიან და, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი შინაარსის პასუხს სცემენ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში არაავთენტური პროფილების ჩართულობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც დაფიქსირდა, როდესაც რუსეთიდან მართულ სააგენტოსთან, „ნიუსფრონტთან” დაკავშირებული ყალბი პროფილები ფეისბუქზე ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობდნენ. ცესკოს ფეისბუქგვერდზე არაავთენტური ანგარიშები ადმინისტრაციის მიმართ პოზიტიური კამპანიის საწარმოებლად აქამდეც გამოიყენებოდა, თუმცა მათი ჩართულობა საარჩევნო დღეებში ნაკლებად ფიქსირდებოდა. არაავთენტურმა ანგარიშებმა პოსტებზე ინტერაქციაში შესვლა განსაკუთრებით აქტიურად ოქტომბრის ბოლოდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების განხილვა აქტიურად დაიწყო", - წერია განცხადებაში.

ISFED-ში ამბობენ, რომ საეჭვო ანგარიშებზე განთავსებული ფოტოების გადამოწმება შესაძლებელი არ არის, თუმცა ისინი სხვა საეჭვო მახასიათებლებით გამოირჩევიან. არაავთენტურ ანგარიშებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ უმეტესი მათგანის პროფილის ფოტოების განთავსების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ამასთანავე, პროფილის საეჭვოობის ინდიკატორებს ისიც ემატება, რომ ანგარიშებს, ძირითადად, 2-3 ფოტო უდევთ, რომლებიც, უმეტესად, ერთსა და იმავე დღეს აქვთ გამოქვეყნებული და მათი ინტერაქციები მცირეა.

"აღმოჩენილი ანგარიშებიდან ნაწილის შემთხვევაში ფეისბუქზე მითითებულია, რომ პროფილი ახალი შექმნილია (New Facebook Account), რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს პროფილის საგანგებოდ კამპანიის საწარმოებლად შექმნაზე", - აცხადებენ ISFED-ში.

ISFED-ის დაკვირვების სრული ვერსია ნახეთ აქ.