ცერცვაძე სანქციებზე: აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციის საფუძველზეა გადაწყვეტილება მიღებული

ცერცვაძე სანქციებზე: აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციის საფუძველზეა გადაწყვეტილება მიღებული
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ვალერიან ცერცვაძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება "აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული."
ცერცვაძის თქმით, ის სახელმწიფო თანამდებობაზე აღარ მუშაობს და მისი მოხსენიება, როგორც უვადო მოსამართლე "აშკარად წარმოადგენს ფაქტების დამახინჯებას."
"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას."- წერს ვალერიან ცერცვაძე.
* * *

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.