ცემა 100 000 ლარის სანაცვლოდ - შაბათის ფორმულამ მშვილდაძეზე თავდასხმის სქემა გაშიფრა

ცემა 100 000 ლარის სანაცვლოდ - შაბათის ფორმულამ მშვილდაძეზე თავდასხმის სქემა გაშიფრა

შაბათის ფორმულამ ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილე ახალ ფიგურანტებს გარდაბნის რაიონში მიაგნო. ერთ-ერთი ირაკლი ელისაშვილია - ახალგაზრდა კაცი სოფელ გამარჯვებიდან. ის მშვილდაძეზე თავდასხმას ტელეფონით იღებდა.

ათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ელისაშვილი, თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთ ფიგურანტთან ერთად ჩანს. ელისაშვილის მსგავსად, გულადი შეთეკაურიც სოფელ გამარჯვებიდანაა და მის მეზობლად ცხოვრობს.

გამოკითხვის ოქმში ორივე ამტკიცებს, რომ თბილისში, ლისის ტბაზე სამსახურის საძებნელად ჩამოვიდნენ და რომ მიშა მშვილდაძეს შემთხვევით შეხვდნენ. ელისაშვილისგან განსხვავებით გულადი შეთეკაურს სხვა როლი ჰქონდა - სუპერმარკეტ კარფურიდან მოპოვებულ ჩანაწერებში ჩანს და ისმის, რომ მაშინ, როცა ელისაშვილი თავდასხმას ტელეფონით იღებს, მისი თანასოფლელი, შეთეკაური, მშვილდაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

შაბათის ფორმულამ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის მთლიანი სქემა გაშიფრა. კონფიდენციალური წყარო ყვება, რომ გარდაბნელების გარდა, სპეცოპერაციაში გლდანელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ და რომ მათი მობილიზება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვინმე ნიკოლოზ ოშაყმაშვილს დაავალა. განისაზღვრა თანხაც - 100 000 ლარი ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის ცემის სანაცვლოდ.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება შაბათის ფორმულას თავად ნიკოლოზ ოშაყმაშვილთან სურდა, თუმცა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც როგორც ამბობენ, გლდანში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ფორმულას კამერებთან არ გამოჩნდა. გადამღები ჯგუფი ოშაყმაშვილს სახლთან 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა.

შაბათის ფორმულას წყარო იმასაც უყვება, რომ 100 000 ლარი თავდასხმაში მონაწილე 4 პირზე განაწილდა - აქედან ყველაზე მეტი, სავარაუდოდ, ნიკოლოზ გუგეშაშვილს შეხვდა, რომელსაც, ალბათ ამ თანხის სანაცვლოდ ციხეში წასვლა უღირდა.

ფორმულას დამფუძნებელზე თავდასხმიდან 1 თვე გავიდა. საგამოძიებო უწყების მხრიდან ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული, BMW-ს მარკის ის 2 ავტომობილი, რომლიდანაც სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება კონტროლდებოდა.

***

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

საგამოძიებო სამსახურმა გიორგი მუმლაძე გამოკითხა. დადასტურდა ფორმულას ინფორმაცია, რომ გიორგი მუმლაძე სუს-ის თანამშრომელია. მუმლაძე ამტკიცებს, რომ თავდასხმის ადგილის მიმდებარედ არა მშვილდაძეს, არამედ სხვა ადამიანს უთვალთვალებდა. მიშა მშვილდაძე მუმლაძის ამ ჩვენებას თავად გაეცნო, თუმცა ჩვენების ასლი მას არ გადასცეს.