წითლიძემ ზუგდიდში პირადობის ჩამორთმევის სქემაში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა დაასახელა

წითლიძემ ზუგდიდში პირადობის ჩამორთმევის სქემაში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა დაასახელა

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ახალ ფაქტებსა და ამ სქემაში ჩართულ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებზე ისაუბრა. მან ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების უფროსის ვინაობა გაასაჯაროვა, რომელიც წითლიძის თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში მონაწილეობს. ანა წითლიძის განცხადებით, ინფორმაცია ამ უწყების თანამშრომლებმა ანონიმურად აცნობეს.

"ზუგდიდში რამდენიმე განყოფილებაა განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის და ისინი სანქცირებულები არიან ხარებას ხელმძღვანელობის ქვეშ. რამდენიმე დღის წინ აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდებს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა, კერძოდ მათი უფროსი პოლკოვნიკი პოლიკარპე ჯღამაძე, მათგან ითხოვდა, ჯერ ოჯახის წევრების სიას, შემდეგ საეჭვო ოჯახის წევრების, რომლებიც არ აძლევდნენ ხმას ქართულ ოცნებას, პირადობის მოწმობების მიტანას. მიზანი კი, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების არჩევნებზე არ წასვლაა", - განაცხადა წითლიძემ ბრიფინგზე.

ანა წითლიძის ცნობით, მტკიცებულების სახით ვიდეო და აუდიო მასალები არსებობს, რომლებიც სადამკვირვებლო მისიებს გადაეცა.